Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საზოგადოებრივი ადვოკატების დახმარებით, ყაჩაღობაში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს საზოგადოებრივი ადვოკატების - ი.ბენიას, გ.ბოგვერაძის, მ.კუპატაძის, ს.ჯაფარიძის და ზ.დალაქიშვილის - დახმარებით, ყაჩაღობაში ბრალდებული ლ.ყ. სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.

საზოგადოებრივ ადვოკატებს ლ.ყ.-ის სავალდებულო დაცვა დაევალათ იმ საფუძვლით, რომ ბრალდებული თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა ბრალდების მხარის მოწმეების - ოთხი პოლიციელისა და ერთი დაზარალებულის - ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, ასევე ჩატარებული გამოძიების არასრულყოფილებაზე.

მოწმეების ჩვენებებით ირკვეოდა, რომ ბრალდებულმა ყაჩაღობისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა, თუმცა შემთხვევის ადგილიდან არც იარაღი და არც ტყვიის მასრები არ ამოუღიათ. ასევე, არ დაკითხულან სხვა მოწმეები, რომლებსაც გასროლის ფაქტის დადასტურება შეეძლებოდათ. ამასთან, დაკითხული პოლიციელებიც ირიბი მოწმეები იყვნენ და, შესაბამისად, მომხდარის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობდნენ. სხვა, პირდაპირი მტკიცებულებები კი საქმეში არ მოიპოვებოდა.

ამდენად, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებდა ლ.ყ.-ის ბრალეულობას, დაცვის მხარემ ბრალდებულის გამართლება მოითხოვა.

საბოლოოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ლ.ყ.-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.