Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი

ოფისები

მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი უფასო იურიდიული დახმარების განხორციელების ერთ-ერთი საშუალებაა. იგი 2009 წლის მაისში შეიქმნა უფასო სამართლებრივი დახმარების შეუფერხებელი მიწოდების მიზნით და ფუნქციონირებს შემდეგი სისტემით: იურიდიული დახმარების ფარგლებში მოქმედებს იმ კერძო ადვოკატთა მონაცემთა ბაზა, რომლებიც, საბიუჯეტო ანაზღაურების საფუძველზე, მოქალაქეებს უფასოდ ემსახურებიან. მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებში ერთვებიან იმ შემთხვევაში, როდესაც ბიუროს დახმარებისთვის დაპირისპირებული მხარეები მიმართავენ. ერთ საქმეში დაპირისპირებული მხარეების დაცვა იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატების მიერ დაუშვებელია, ეთიკური სტანდარტებიდან გამომდინარე. ასეთ დროს იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მხოლოდ ერთ მხარეს დაიცავს, ხოლო მეორე მხარეს დამცველად რეესტრის ადვოკატი დაენიშნება. იმ რეგიონებში, სადაც იურიდიული დახმარების ბიურო არ ფუნქციონირებს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე რეესტრიდან ადვოკატის დანიშვნას უზრუნველყოფენ იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრები.

საქმეზე რეესტრის ადვოკატს ნიშნავს ბიუროს უფროსი, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ფიზიკური პირის განცხადების, პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილების ან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თუ არსებობს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის დებულებით ან/და ს.ს.ი.პ. “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევა. სამსახური რეესტრის ადვოკატს საქმეში ჩართვისათვის ერთჯერადად უხდის თანხას. ერთჯერადი ანაზღაურება რეესტრის ადვოკატის საქმეში ჩართვისათვის მოიცავს ადვოკატის მიერ ტრანსპორტირებისა და საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. რეესტრის ადვოკატთა მიერ საქმეზე განხორციელებული მოქმედებები, ასევე, დასაცავი პირის სასარგებლოდ დამდგარი სამართლებრივი შედეგი, რომელიც გამოწვეულია ადვოკატის აქტიური და ქმედითი ძალისხმევით, ექვემდებარება ანაზღაურებას.

რეესტრის ფორმირება ხორციელდება ღია კონკურსის გზით. დღეის მდგომარეობით, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებულია და მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე საქმიანობას ეწევა 75 ადვოკატი, საიდანაც 51 არის სისხლის სამართლის, 21 – საერთო, ხოლო 3 – სამოქალაქო სპეციალიზაციის.