Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

ძალადობის მსხვერპლმა ქალმა დახმარება მიიღო

ივნისის თვეში ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართა გადახდისუუნარო, ოთხი შვილის დედა, ჟ. გ.–მ, რომელიც  ყოფილი მეუღლის – რ. ბ.–ს   მხრიდან ხშირად განიცდიდა  ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
ბენეფიციარმა განაცხადა,  რომ იგი დაქორწინების შემდეგ  მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად დედის კუთვნილ ბინაში, სოფ. გამარჯვებაში ცხოვრობდა. თანაცხოვრების დროს ქმარი ხშირად ძალადობდა ცოლზე.  ხანგრძლივი კონფლიქტის გამო მეუღლეები 2017 წლის იანვარში განქორწინდნენ. ჟ. გ.–ს გადმოცემით,  ყოფილი მეუღლე განქორწინების  შემდეგ მას ხშირად უთვალთვალებდა, ღამ–ღამოდით  მისი სახლის ეზოში შემოდიოდა, უკრძალავდა სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, ხშირად აყენედა სიტყვიერ შეურაცხყოფას.  აღნიშნულის გამო, ჟ. გ. გამუდმებით სტრესის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა მიხეილ კეკელიამ დამცავი ორდერის მაქსიმალური ვადით გამოცემის მიზნით მოიპოვა მტკიცებულებები. შეკრებილი დოკუმენტების საფუძველზე,  მანვე ბენეფიციარის – ჟ. გ. –ს  სახელზე შეადგინა განცხადება და  რუსთავის  სასამართლოს   მიმართა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.   სასამართლო სხდომაზე მიხეილ კეკელიამ  ბენეფიციარ ჟ. გ.–ს მიმართ ყოფილი მეუღლის მიერ ძალადობის არაერთგზის  ჩადენა დაასაბუთა და მოითხოვა, დამცავი ორდერის მაქსიმალური ვადით გამოცემა, რაც აუცილებელი იყო მსხვერპლის დროებითი დაცვისთვის.   

სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის არგუმენტები და  მოთხოვნა დაკმაყოფილა. შესაბამისად, რ.ბ–ს ექვსი თვის განმავლობაში აეკრძალა ჟ.გ.–სთან და მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოვება, სატელეფონო ან სხვა სახის კონტაქტი ან რაიმე სახის მიმოწერის განხორციელება. 

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, იურიდიული დახმარების სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთთვის, მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად, უ ფ ა ს ო დ უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას და ადვოკატის მომსახურებას იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მსხვერპლის მიმართ განიხილავს დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს.