Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

 

სადავო მიწის ნაკვეთის გამო ბრალდებული ქალი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

იურიდიული დახმარების მცხეთა–მთიანეთის ბიუროს უფროსი ალუდა ბუჩუკური 2016 წლიდან სავალდებულო წესით იცავდა  ბრალდებული ქალის ნ. ს.–ს ინტერესებს. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360–ე მუხლით (თვითნებობა) ჰქონდა ბრალი წარდგენილი.

ბრალდების დადგენილების მიხედვით, კონფლიქტი სოფელ წეროვანში მდებარე მიწის ნაკვეთის გამო მოხდა. ნ.ს–ს პრეტენზია ჰქონდა მოქალაქე კ.ბ–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რომლის მომიჯნავედ თავად ბრალდებულის მფლობელობაში არსებული ტერიტორია მდებარეობს.  2015 წლის დეკემბერში ნ. ს–მ დაიქირავა ტრაქტორი და კ.ბ–ს დაუზიანა მიწის ნაკვეთის მომნიშვნელი ორი ცალი ბოძი, ხოლო შემდეგ მოახვნევინა  ნაკვეთის ნაწილი,  რითაც მეზობელს  მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

 წარდგენილი ბრალდება დაზარალებულისა და  მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ემყარებოდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს დაავალა გირაოს – 1000 ლარი გადახდა.

საქმის გამოძიების ეტაპზე საზოგადოებრივმა ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა, როგორც დაცვის მხარის წარმომადგენელმა,  მონაწილე პირების თანდასწრებით თავად ჩაატარა მიწის ნაკვეთის დათვალიერება, გადაიღო ფოტოსურათები, დაურთო საგამოძიებო მოქმედების  ოქმს.  გამოკითხა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები და შეგროვილი  მტკიცებულებები სასამართლოში წარადგინა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში  საქმის არსებითი განხილვისას  დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა  ბრალდების მხრიდან არასრული და არაობიექტური  გამოძიების ჩატარებაზე, ეჭვქვეშ დააყენა მოწმეთა ჩვენებების  და სხვა მტკიცებულებების სანდოობა.  საზოგადოებრივმა ადვოკატმა მიმოიხილა მის მიერვე გამოკვლეული მტკიცებულებები, მოითხოვა ბრალდებულ ნ.ს.–სთვის გამამარლებელი განაჩენის დადგენა და  აღინიშნა, რომ საერთოდაც, არსებული  საქმე იყო სამოქალაქო დავის საგანი და არა სისხლის სამართლის სფერო.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა და ბრალდებული  ნ. ს. უდანაშაულოდ  ცნო.