Top
ონლაინ დახმარება

 

ეროვნებით აფხაზმა, ქართული ენის არმცოდნე ბენეფიციარმა სასამართლო დავა მოიგო

სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სარჩელის  შედგენის მიზნით მიმართა მოქალაქე თ. ლ–მ, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვის მამაა, რეგისტრირებულია გუდაუთის რაიონში, ვერ ფლობს ქართულ ენას, არის ეროვნებით აფხაზი.  თ. ლ–მ 2009 წელს საქართველოს მთავრობას თავშესაფარი სთხოვა,  საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ქალაქ ზუგდიდში დასახლდა.  ოჯახი უკიდურესად მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ პირობებშია და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. 

2016 წლის სექტემბერში ლ.ბ. ზუგდიდში დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლებრივი კოდექსის მე–11 (პასუხისმგებლობა თანამდევი შედეგით კვალიფიცირებული განზრახი დანაშაულისათვის) და  137–ე მუხლის (გაუპატიურება) პირველი ნაწილით. 

თუმცა იგი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევდა და  ქუთაისის #2 პატიმრობისა და დახურული ტიპის დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 16 დღე იშიმშილა. 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით, საქმეზე გონივრულ ეჭვმს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის არ არსებობის გამო, თ.ლ. წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მის ინტერესებს იცავდა ზუგდიდის ბიუროს ადვოკატი  მთვარისა ბიგვავა.

საპატიმროში, ძლიერი ფიზიკური და სულიერი განცდების პირობებში გატარებული თითქმის ხუთი თვის შემდეგ, სოციალურად დაუცველმა ბენეფიციარმა დახმარებისთვის ისევ მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურს. საზოგადოებრივმა ადვოკატმა ნათია ქვარცხავამ მას შეუდგინა ადმინისტრაციული სარჩელი – უკანონო დაკავების, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მიცემის, პატიმრობის უკანონოდ გამოყენების გამო  მორალური ზიანის, ათი ათასი  ლარის ანაზღაურების მოთხოვნით – მოპასუხე მხარეების: საქართველოს მთავარი პროკურატურის და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის მიმართ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული სარჩელი ნაწილობრივ  დააკმაყოფილა  –  საქართველოს მთავარ პროკურატურას თ. ლ.–ს სასარგებლოდ 5000 ლარის გადახდა დაეკისრა.