Top
ონლაინ დახმარება

 

ცაგერის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

25 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ცაგერისა და 58 სოფლის 11 ათასამდე მცხოვრებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდა. აქამდე ლეჩხუმელები ქუთაისის ბიუროსა და ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით სარგებლობდნენ. დღეიდან იურიდიული დახმარების მიღებას ისინი მუნიციპალიტეტიდან გაუსვლელად შეძლებენ.

საკონსულტაციო ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს ნებისმიერი პირისთვის გასცემს. მათ შორის: მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, ბანკებთან ურთიერთობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები  და სხვა აქტუალური პრობლემები.

გახსნის ცერემონიაზე მოსულ ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, ცაგერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტი, ნინო ურთმელიძე  წარუდგინა.

რაჟდენ კუპრაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი: „იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, კვალიფიციური იურისტისგან უფასოდ მიიღოს იურიდიული დახმარება და სამართლებრივად სწორად გადაჭრას მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები.

ცაგერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი არის პროფესიონალი ჩვენს სფეროში. მოხარული ვართ, რომ ჩვენს გუნდს ასეთი კვალიფიციური ადვოკატი შემოემატა“.

საკონსულტაციო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი,  ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა წარმატება უსურვა ცაგერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტს, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრიცაა და აღნიშნა, რომ სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს, უმნიშვნელოვანესია რეგიონის მოსახლეობისთვის.

პარლამენტის წევრის კარლო კოპალიანის განცხადებით, იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის გახსნა უდავოდ წინგადადაგმული ნაბიჯია რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვისა და  მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების საქმეში.

აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ათი ათასამდე ადამიანიდან 3 400 გადახდისუუნარო პირია, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარები არიან.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სამსახურის 12 ბიურო და 9 საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს