იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის იურისტ-კონსულტანტმა ლალი ალუდაურმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში ქვემო ქართლის საკრებულოების ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენლებთან, რომელიც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ნინო წილოსანმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა 25 ივლისს, რუსთავში გამართეს.
პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს და ყურადღება ქალთა პოლიტიკურ პროცესებში და ეკონომიკურ საქმიანობებში ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
იურისტ-კონსულტანტმა ლალი ალუდაურმა ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატზე, გენდერულ საკითხებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე, ხაზი გაუსვა გენდერული ბალანსს იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებულთა შორის, რომელიც ქალების სასარგებლოდაა. მან აღნიშნა, რომ იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარეებიდან ჯერ-ჯერობით ყველა ქალია; სამსახურის 12 ბიუროდან 4-ს ქალები ხელმძღვანელობენ, ხოლო 10 საკონსულტაციო ცენტრიდან 7-ში მხოლოდ ქალი იურისტები მუშაობენ.
პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ იურიდიული დახმარების სამსახური თავისი ქმედითი ღონისძიებებით საუკეთესო მაგალითია გენდერული თანასწორობის საკითხების მიმართულებაში და სამსახურის წარმომადგენელს ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობაც გადაუხადეს.