Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოციალურად დაუცველ პირს ათასლარიანი ჯარიმა მოეხსნა

2019 წლის 18 იანვარს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს სამართლებრივი დახმარებისთვის  მომართა  სოციალურად დაუცველმა მოქალაქე  კ.კ–მ, რომელსაც სურდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება.

თბილისის ბიუროს კონსულტანტმა თამარ კაპანაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილების გაცნობის შემდეგ გაარკვია, რომ, კ.კ.-ს შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთი აფთიაქის თანამშრომლებთან და პატრულის ეკიპაჟთან. ამიტომ იგი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 1000 ლარით დაჯარიმდა.

იურისტმა თამარ კაპანაძემ მოქალაქეს მოუმზადა საჩივარი და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კ.კ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში, შესაბამისად ვერ აცნობიერებდა თავისი ქმედების შესაძლო შედეგებს, ასევე არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის ქრონიკული სულიერი დაავადების ან სულიერი მდგომარეობის დროებითი მოშლილობის გამო. ამავე დროს ეს ბენეფიციარის ცხოვრებაში პირველი სამართალდარღვევის შემთხვევა იყო.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  კ.კ. ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173–ე (დაუმორჩილებლობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი) მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, თუმცა ამავე კოდექსის 22–ე (დამრღვევის ადმინ. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება) მუხლის საფუძველზე განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში.