Top
ონლაინ დახმარება

 

ბენეფიციარის ბრალდება მნიშვნელოვნად შემსუბუქდა

საზოგადოებრივი ადვოკატი ნუნუ თოდრია  სავალდებულო წესით იცავდა ბრალდებულ ზ.ც.-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19-137-ე მუხლის (გაუპატიურების მცდელობა) პირველი ნაწილით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძარცვა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც საერთო ჯამში ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე ვადით. 

საქმეში არსებული სხვა მასალების მიხედვით ირკვეოდა, რომ ზ.ც.-მ გოგონა გამოიძახა ინტიმური საიტის მეშვეობით, შემდეგ მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა. დაზარებული აცხადებდა, რომ ბრალდებულმა იგი გაძარცვა და გაუპატიურება დაუპირა. ამავდროულად, გოგონა  კატეგორიულად უარყოფდა, რომ სექს-მუშაკად  მუშაობდა. 

ადვოკატმა შეიმუშავა დაცვის სტრატეგია, რომელიც ეყრდნობოდა საქმეში არსებულ შეუსაბამობებს, დაზარალებულის ჩვენებაში არსებულ უზუსტობებს და არასრულყოფილად ჩატარებული გამოძიების შეცდომებს. ნუნუ თორდიამ დაზარალებულის დაკითხვის სტადიაზე, კითხვების დასმის შედეგად გამოკვეთა ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა დაზარალებულის მიერ მოგონილ ვერსიას. ხოლო დასკვნითი სიტყვის ეტაპზე,  ხაზი გაუსვა იმას,  რომ გამოძიებამ არ გადაამოწმა დაცვის მხარის მიერ მიწოდებული ინტიმური საიტის საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც გოგონა მუშაობდა. საქმეში არ იყო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. თავად დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენება მოდიოდა წინააღმდეგობაში საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბრალდებული ზ.ც. სრულად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი გაუპატიურების მცდელობაში (სსკ 19-137-ე მუხლი), სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძარცვა) გადაკვალიფიცირდა შედარებით „მსუბუქ“ ბრალდებად სსკ-178-ე მუხლის პირველ ნაწილად, ხოლო  სსკ - 126-ე (ძალადობა) მუხლი უცვლელი დარჩა. 

საბოლოოდ, ზ.ც. საპატიმროში 8 წლის ნაცვლად, მხოლოდ 3 წელიწადს გაატარებს.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.