Top
ონლაინ დახმარება

 

ზუგდიდში ქურდობაში ბრალდებული არასრულწლოვანი სრულად გამართლდა

2018 წლის 3 აპრილს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის მომართვის საფუძველზე იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ზუგდიდის ბიუროს ადვოკატი მთვარისა ბიგვავა სავალებულო წესით ჩაერთო არასრულწლოვან ო.ხ–ს საქმეში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177–ე მუხლი – ქურდობის მცდელობა).

ბრალდების დადგენილების თანახმად,  ო.ხ.  და მისი თანამზრახველი ღამის საათებში  ქ.ზუგდიდში მდებარე ერთ–ერთი მშენებარე მაღაზიიდან სამშენებლო მასალისა და ხელსაწყოების მოპარვას ცდილობდნენ.

სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შემდგომ, საზოგადოებრივი ადვოკატისთვის ნათელი გახდა, რომ ო.ხ.–ს მიმართ წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდებოდა. ბენეფიციართან შეხვედრისა და შეთანხმების შემდგომ, დაცვის მხარემ  გადაწყვიტა ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით და შემოთავაზებულ განრიდებასა და საპროცესო შეთანხმებაზე  უარი განეცხადებინა. გარდა ამისა, ადვოკატმა გამოჰკითხა მოწმეეები. მათი ჩვენებები წინააღმდეგობრივი იყო ბრალდების მოწმეების  და პოლიციელების ჩვენებებთან. სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ მოწმეთა დაკითხვა და ნივთმტკიცებათა ამოცნობა პროცესუალური ნორმების დარღვევით ჩატარდა.

საბოლოოდ, საზოგადოებრივმა ადვოკატმა მთვარისა ბიგვავამ მოამზადა დასკვნითი სიტყვა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გამართლება მოითხოვა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა და არასრულწლოვანი ო.ხ წარდგენილ ბრალდებაში  უდანაშაულოდ ცნო.