Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ იქნა

იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, მაია გრიგოლიშვილის დახმარებით, არასრულწლოვან ნინო ა.–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ იქნა შეფარდებული.

საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 15 იანვარს, ქ. გორში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში, არასრულწლოვანმა ნინო ა.–მ სცემა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მარიამ ი.–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ნინო ა., რომელიც ერთხელ უკვე განრიდებული იყო სისხლის სამართლის საქმეს, აღიარებდა ჩადენილ ქმედებას. ბრალდების მხარე არასრულწლოვანისათვის აღკვეთის ღონისძიების სახედ ითხოვდა მეთვალყურეობაში გადაცემას.

ბრალდებულის ადვოკატი, მაია გრიგოლიშვილი ეწინააღმდეგებოდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, რადგან ეს იმოქმედებდა არასრულწლოვნის ფსიქოლოგიურ და ემოციურ განვითარებაზე. ადვოკატი თავის პოზიციას ამყარებდა შემდეგი გარემოებებით: ჩადენილი იყო ნაკლებად მსუბუქი კატეგორიის დანაშაული, ბრალდებული თავს ცნობდა დამნაშავედ, ხასიათდებოდა დადებითად, ბრალდებულიც და დაზარალებულიც იყვნენ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

სასამართლომ განიხილა პროკურორის შუამდგომლობა, მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გაანალიზა სისხლის სამართლის საქმის მასალები და შედეგად არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა შუამდგომლობის გამოყენების თაობაზე.