ფოთის, გურჯაანისა და სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროების წარმომადგენლებმა შეხვედრები გურჯაანის N2 საჯარო სკოლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართეს. ასევე, სამსახურის წარმომადგენლები სენაკში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მოსახლეობასა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ არასრულწლოვანთა უფლებების, იურიდიული დახმარების მიღების წესისა და პირობების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებისა და ძალადობის მსხვერპლთა უფლებებისა და დაცვის სახელმწიფო მექანიზმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.
შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო სამართლებრივი საკითხები განიხილეს. შეხვედრების ფარგლებში დარიგდა თემატური საინფორმაციო ბროშურები იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ, მათ შორის, აზერბაიჯანულ ენაზე.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.
