ბავშვთა უფლებების დაცვა მხოლოდ ვალდებულება არ არის, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც თითოეული ბავშვი თავს უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, იურიდიული დახმარების სამსახურმა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და UNICEF-ის ხელშეწყობით, პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულებაზე წვდომის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, გახსნა ბავშვზე მორგებული ოთახი.
ეს სივრცე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების გაძლიერების მიმართულებით. სპეციალურად მოწყობილ ოთახში ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სამართლებრივი კონსულტაცია და დახმარება მათ საჭიროებებზე მორგებულ, უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში, რათა პროცესმა არ გამოიწვიოს დამატებითი სტრესი ან შიში.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი დახმარება არ იყოს მხოლოდ ფორმალური სერვისი, არამედ იყოს ხელმისაწვდომი, გასაგები და ბავშვებისთვის ადაპტირებული. სწორედ ამიტომ, ასეთი სივრცეების შექმნა არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის გზაზე.
