Top
ონლაინ დახმარება

 

აბაშაში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

17 მაისს, აბაშაში, იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს (COE) დახმარებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც განზრახ მკვლელობით ჩადენილ საქმეში, „ნაფიცი მსაჯულები“ განიხილავდნენ. ბრალდებისა და დაცვის მხარეს მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები განასახიერებდნენ, ხოლო „ნაფიც მსაჯულთა" შემადგენლობა დაკომპლექტებული იყო აბაშაში მცხოვრები ახალგაზრდებით, მათ შორის - უფროსკლასელებით. 

აბაშელმა ახალგაზრდებმა ყურადღებით მოუსმინეს ორივე მხარეს, დასვეს შეკითხვები, ბევრი იმსჯელეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და საბოლოოდ, შესაბამისი ვერდიქტიც გამოიტანეს. 

„ნაფიც მსაჯულთა“ როლში მყოფი ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა პირველად დაესწრო სასამართლო პროცესს. მიმდინარე საქმე მათთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა  და განხილვაში მონაწილეობით უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. შესაბამისად, თუ ოდესმე მართლაც მოუწევთ მონაწილეობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესში, აღნიშნული გამოცდილება ძალიან გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მსაჯულები და პროცესის დამსწრეები ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობა უნდა იყოს, მიზნად ისახავს მოსახლეობის. სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და პოტენციურ მომზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში რეალური მონაწილეობის მისაღებად.

ღონისძიება განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში მიმდინარე პროექტის "იცოდე შენი უფლება 18 წლამდე" ეგიდით.