Top
ონლაინ დახმარება

 

ბათუმში სამსახურის 2022 წლის სამოქმედო გეგმა - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვა“ წარადგინეს

22 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ევროკავშირის (EU) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის სამოქმედო გეგმის - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის“ წარდგენა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარაში მოქმედი მზრუნველობისა და სხვა უფლებადამცვლი ორგანიზაციები, მათ შორის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ბათუმის იურიდიული დახმარების  ბიუროს თანამშრომლები, შშმ თემის სხვა წარმომადგენლები.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში, ვლადიმირ შკოლნიკოვმა  მიმართა შეკრებულ საზოგადოებას და მოკლედ გააცნო ის აქტივობები, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მუდვმივად მხარს უჭერს.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა მისი პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრა სამსახურის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებზე, მათ შორის, შშმ პირთათვის სერვისების შესახებ.

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა,  გელა ბერაძემ წარადგინა იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის სამოქმედო გეგმა - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის პრეზენტაცია“.

შშმ პირთა წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში, სადაც გამოითქვა არაერთი საგულისხმო მოსაზრება, რომელიც შესაბამისი უწყებების საქმიანობაზე ეტაპობრივად აისახება.