Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

24 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის - „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში. საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის დანაშაულს - მკვლელობას, რომელსაც  განიხილავნენ ქუთაისში მცხოვრები პირებისაგან შერჩეული ნაფიცი მსაჯულები. იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე, ბრალდებული, დაზარალებული და მოწმეების ნაწილი - იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისაგან შედგებოდა.

იმიტირებული, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი, რომელშიც მსაჯულები და პროცესის დამსწრეები ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობა უნდა იყოს, მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და პოტენციურ მომზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში რეალური მონაწილეობის მისაღებად.

როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, უაღრესად მნიშვნელოვანია, სწორედ რეგიონების მოსახლეობა იყოს ჩართული იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარების საქმეში, რაც მოძრაობა“ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა. ალბათ ეს არის მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება და კარგი მოსამზადებელი პირობა, რადგან საჭიროების შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა რეალური პროცესების გამართვის დროს საზოგადოება მომზადებული დახვდეს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ამ გამოწვევას“.

მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ USAID-PROLoG–ისა და COE-ს მხარდაჭერით ხორციელდება. აქტივობები ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე გაგრძელდება