Top
ონლაინ დახმარება

 

იუსტიციის სამინისტროში იურიდიული დახმარების სამსახურის სტრატეგიას გაეცნენ

2019 წლის 21 მარტს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყების წარმომადგენლები სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2019-2020 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას გაეცნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ორწლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მოკლედ არის ჩამოთვლილი საკითხები, რომელიც სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, აღნიშნული გეგმის შესრულების შედეგად საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო დიდ ნაწილს საშულება მიეცემა ისარგებლოს მაღალკვალიფიციური უფასო სამართლებრივი დახმარებით.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმის სტრატეგია, უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, გადამისამართების ქსელის გაფართოება და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, სამსახურის ოფისების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, სამსახურის ოფისებში არასრულწლოვანზე მორგებული გარემოს შექმნა და მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესება  - ამ საკითხებზე შეკრებილებს ინფორმაცია მიაწოდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ირაკლი შონიამ. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია უფასო სამართლებრივი დახმარების მიმწოდებელთა ქსელის ფუნქციონირების საკითხმა. აღნიშნულ ქსელში გაერთიანებულია უფასო იურიდიული დახმარების გამწევი 27 ორგანიზაცია და მის ადმინისტრირებას იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს. ქსელის ვებპორტალი მისამართია www.free.mylaw.ge და იგი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. 

იურიდიული დახმარების სამსახურის 2019-2020 წლების „სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ ღია დოკუმენტია და მისი ნახვა, დამტკიცების შემდეგ,  შესაძლებელი იქნება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე.