Top
ონლაინ დახმარება

 

სისხლის სამართლის საქმეთა მენეჯმენტის კომპიუტერული პროგრამის განახლება წარმატებით დასრულდა

იურიდიული დახმარების სამსახურმა წარმატებით დაასრულა სისხლის სამართლის საქმეთა მენეჯმენტის კომპიუტერული პროგრამის - CaseBank–ის განახლების პროცესი. გაუმჯობესდა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობები, დაიხვეწა პროგრამაში მონაცემთა შეყვანის და დამუშავების პროცესები. პროგრამის განახლება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

განახლებულ პროგრამაში მუშაობის უნარ-ჩვევებზე საორიენტაციო ტრენინგებიც ჩატარდა. თავდაპირველად სწავლება გაიარეს იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების უფროსებმა და ადვოკატთა ნაწილმა. ხოლო შემდეგ, დატრენინგებულმა თანამშრომლებმა სწავლება თავიანთ ოფისებში, კოლეგებისთვის ჩაატარეს.

CaseBank–ი სამი ძირითადი ამოცანის გადაჭრას ემსახურება. კერძოდ, ამარტივებს იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსის, ადვოკატების, კონსულტანტებისა და სპეციალისტების საქმიანობის ორგანიზებას; დაამუშავებს სტატისტიკურ მონაცემებს; უზრუნველყოფს ხარისხისა და დროის მენეჯმენტის ეფექტიანობას. პროგრამა მოიცავს კალენდარს, რომელიც ადვოკატს საქმეებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ვადებისა და მოვლენების შესახებ შეახსენებს. ადვოკატს შეუძლია მარტივად ატვირთოს თავისი შედგენილი დოკუმენტი და საქმესთან ერთად შეინახოს პროგრამაში.

პროგრამა მოსახერხებელია სტატისტიკური მონაცემების გენერირების თვალსაზრისით. მისი მეშვეობით იურიდიული დახმარების ბიუროსა და ადვოკატის მიერ გაწეული საქმიანობა შეიძლება სხვადასხვა კრიტერიუმების, მათ შორის, დანაშაულის კატეგორიის, დასაცავ პირთა ასაკის, სოციალური მდგომარეობის, საქმის სტადიის, საქმეების რაოდენობისა და შედეგების, აგრეთვე მომართვის წყაროს მიხედვით დახარისხდეს. პროგრამაში დაცულია საქმესთან დაკავშირებით შექმნილი ყველა დოკუმენტი.

CaseBank-ში მუშაობის საკითხზე საორიენტაციო ტრენინგები ყველა ადვოკატმა და კონსულტანტმა გაიარა. სისხლის სამართლის საქმეების მენეჯმენტის კომპიუტერული პროგრამა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდა და დაინერგა.