Top
ონლაინ დახმარება

 

საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელებს იურიდიული კონსულტაცია გაეწიათ

30 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები ეწვივნენ მარტყოფის დროებითი განთავსების ცენტრს და იქ მცხოვრებ უცხოელებს, რომლებიც საქართველოსგან თავშესაფრის მინიჭებას ელიან, იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.

შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დროებითი განთავსების ცენტრის ბენეფიციარებს გააცნეს თავშესაფრის მაძიებელთათვის საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები, ასევე – თავშესაფრის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმით წარიმართა. საკონსულტაციო ჯგუფში შედიოდნენ თბილისისა და ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატები.

2016 წლის 1 იანვრიდან, „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შენატილი ცვლილებებით, უცხოელებს მიეცათ უფლება, თავშესაფრის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საქმეებზე ისარგებლონ უფასო საადვოკატო მომსახურებით. იანვრიდან მაისის ჩათვლით, აღნიშნული სერვისის მისაღებად იურიდიული დახმარების სამსახურს 80–მა ბენეფიციარმა მიმართა. თავშესაფრის მაძიებელთათვის უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფა იყო საქართველოს ვალდებულა, რომელიც შესრულდა ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრს ადმინისტრირებას უწევს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. ცენტრის პირველი შენობა, რომელიც გათვლიალია 60 ბინადარზე, 2010 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკომისიამ დააფინანსა. 2016 წელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით აშენდა მეორე შენობაც, სადაც 72 ბენეფიციარის მიღებაა შესაძლებელი.