Top
ონლაინ დახმარება

 

სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი თანამშრომლებს მიმართავს

ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით,

მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსით (COVID_19) გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე, შექმნილია არაორდინალური სიტუაცია, რომელიც თითოეული ჩვენგანის მხრიდან მოითხოვს განსაკუთრებულ მობილიაციასა და მაღალ სამსახურებრივ თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

სამსახურის ადმინისტრაცია გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მუდმივად ზრუნავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, ადვოკატების უსაფრთხოებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისა და ჩვენი ბენეფიციარებისათვის სათანადო მომსახურეობის მიწოდებისათვის.

იურიდიული დახმარების სამსახური საჯარო დაწესებულებებს შორის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გადავიდა დისტანციური სამუშაო რეჟიმზე. 

·    2020 წლის 2 მარტს სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იურიდიული კონსულტაციების გაცემა განხორციელებულიყო მხოლოდ და მხოლოდ დისტანციური სახით, სატელეფონო და ონლაინ რეჟიმში. ყველა ბიურო და საკონსულტაციო ცენტრი გაფრთხილებულ იქნა, რომ განეთავსებინათ შესაბამისი ინფორმაცია შენობებზე და განეხორციელებინათ დისტანციური მომსახურეობა, რათა არ მომხდარიყო ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებში მოსახლეობის თავშეყრა.

·    2020 წლის 12 მარტს, სამსახური გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და დადგინდა, რომ სამსახურის აპარატის, ბიუროებისა დასაკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სამსახურებრივ მოვალეობებს შეასრულებენ სახლიდან.

·    თვითიზოლაციაში განთავსდა სამსახურის სამი თანამშრომელი, რომლებიც ბოლო პერიოდში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან/და ჰქონდათ კომუნიკაცია საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ პირებთან;

·    ადმინისტრაციის მიერ განხორციელდა იმ თანამშრომლების იდენტიფიცირება, რომლებიც შედიან მაღალი რისკის ჯგუფში და 8 თანამშრომელთან მიმართებით დადგინდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების განსხვავებული წესი. აღნიშნული პირები სამსახურებრივ მოვალეობებს შეასრულებენ მხოლოდ სახლიდან.

იმისათვის, რომ არ მომხდარიყო სხვა საზოგადოებრივი ადვოკატების დატვირთულობის გაზრდა, აღნიშნული 8 ადვოკატის ის საქმეები, რომლებიც საჭიროებდა სასწრაფო რეაგირებას გადაეცა რეესტრის ადვოკატებს. 

·    სამსახურის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კომუნიკაცია პროცესის მწარმოებელ ორგანოებთან და სასამართლოსთან, რათა დაინერგოს უსაფრთხო სამუშაო რეჟიმი და დღეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღო დისტანციურად. სამსახურს აქვს კომუნიკაცია სხვა სასამართლოებთან და პენიტენციურ დაწესებულებებთან, რომ მათაც აამოქმედონ დისტანციური სერვისები.

·    სამსახურის მიერ დადგინდა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული ფოსტის საშუალებებით მიწოდების შესაძლებლობა, მათ შორის მივლინებების, შვებულებების და ა.შ. რათა თანამშრომელბებს სახლიდან გაუსვლელად შეეძლოთ აღნიშნული ინფორმაციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოსათვის მიწოდება. 

·    ITსამსახურმა უზრუნველყო, რომ საზოგადოებრივ ადვოკატებსა და ადმინისტრაციას case-bank-ში შესვლა შეუძლიათ სახლიდან, რათა არ შეფერხდეს case-bank-ში მუშაობა და ადვოკატებსა და სამსახურს ჰქონდეს წვდომა საქმეებზე.

·    ხარისხის შეფასების სამმართველოს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში უკავშირდებიან ადვოკატებს საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლებისათვის, რათა ეფექტურად მოხდეს ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა უწყებებისათვის და საჭიროების შემთხვევაში არ შეფერხდეს საქმეების დროულად გადაწერა და წარმოება.

·    კომუნიკაციის უწყვეტად განხორციელებისათვის  შექმნილია „ WhatsAPP”-ის ჩათ-ჯგუფები, სადაც ტარდება ვიდეოკონფერენციები, რათა სხვადასხვა საკითხებზე რეაგირება განხორციელდეს დაუყონებლივ და არ შეფერხდეს სამსახურის მუშაობა.

აღნიშნულის გარდა, სამსახურმა გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. მასობრივი დეფიციტის მიუხედავად, სამსახურმა შეიძინა საჭირო ინვენტარი თუ მომსახურება.

·    სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა თბილისის, რუსთავის, ფოთის ბიუროებში, ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრსა და ადმინისტრაციულ ოფისში;

·    სამსახურმა შეიძინა და ბიუროებს გადასცა ნიღბები, რეზინის ხელთათმანები, ხელისა და ავეჯის სადეზინფექციო ხსნარები, რათა საზოგადოებრივი ადვოკატები სასამართლოში თუ პროცესის მწარმოებელ სხვა ორგანოში გამოცხადებისას იყვნენ უსაფრთხოდ. აღნიშნული პროცესი კვლავ გაგრძელდება.

კოლეგებო, ჩვენი პროფესია არის ერთ-ერთ იმ პროფესიათა შორის, რომელსაც მსგავს სიტუაციებში უწევს წინა ხაზზე დგომა.

მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი თავდადებისა და მაღალი პასუხისმგებლობისათვის. 

დღე, როგორც არასდროს, უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ჩვენი საქმიანობა განვახორციელოდ ჩვენთვის და ჩვენი ბენეფიციარებისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო რეჟიმში.

მხოლოდ და მხოლოდ თანადგომით, გაგებით და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით დავძლევთ ამ გამოწვევას. 

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!