Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატ ნინო ხეცაძის დახმარებით, მოქალაქემ შეძლო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება

თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე სადავო საცხოვრებელი ბინის პრივატიზების დროისათვის, რ.შ.–სთან ერთად ცხოვრობდნენ მისი ძმისშვილი გია შ., რომელიც ბინაში ჩაწერილი იყო 1984 წლიდან, ამ უკანასკნელის მეუღლე ნ.ჭ. (არარეგისტრირებული ქორწინებიდან) და შვილი გ.შ.

გ.შ. წარმოადგენდა გია შ.–ს პირველი რიგის მემკვიდრეს და მას გარდაცვლილი მამის სამკვიდრო ქონება, ფაქტობრივი ფლობით, მიღებული ჰქონდა, რის საფუძველზეც სამკვიდრო მოწმობა იყო გაცემული. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ბინა წარმოადგენდა თანასაკუთრებას, რ.შ.–მ ის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა თავის დაზე ე.ც.–ზე. 

სასამართლოს შეფასებით, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები იყო ბუნდოვანი, არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს აქვს მხოლოდ მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით თანასაკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. 

ადვოკატის განმარტებით,  რ.შ–ს მიერ სადავო ქონების სრულად განკარგვა წარმოადგენდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო რ.შ–ს სახელზე, პრივატიზების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მასზე თანასაკუთრების უფლება ასევე მოპოვებული ჰქონდათ პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში საცხოვრებელ ბინაში ჩაწერილ და მუდმივად მცხოვრებ პირებსაც. მოცემულ შემთხვევაში ასეთ პირებს წარმოადგენდნენ გია შ. და  მისი შვილი გ.შ. შესაბამისად, გ.შ.–ს ეკუთვნოდა რ.შ.–ს სახელზე რეგისტრირებული ქონებიდან წილი, როგორც მემკვიდრეობითი–სამართლებრივი საფუძვლით, ისე პრივატიზაციის წესით.  აქედან გამომდინარე, არსებობდა შესამაბის ნაწილში ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.

საბოლოოდ, სასამართლომ გაითვალისწინა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია: ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ქონებაზე რ.შ.–სა და ე.ც.ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება 1/2 ნაწილში, ხოლო გ.შ. ცნობილ იქნა უძრავი ნივთის, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.