Top
ონლაინ დახმარება

 

სიღნაღში სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიურო გაიხსნა

10 მაისს, სიღნაღში, სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიურო ამოქმედდა. ახალი ოფისი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ და სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა გელაშვილმა, გახსნეს. ღონისძიებას დაესწრნენ იურიდიული დახმარების საბჭოს წევრები, ასევე – ადგილობრივი ხელისუფლებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო კახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებითა და იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფს.

ახალი ბიუროს ამოქმედებით, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, დაიქირავონ ადვოკატი, უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად აღარ მოუწევთ თელავში ჩასვლა, რაც მათ მგზავრობის ხარჯებს და დროს დაუზოგავს.

დღეისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ოფისების ქსელი საქართველოს 19 ქალაქს მოიცავს. გადახდისუუნარო მოქალაქეებს სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ სისხლის სამართლის საქმეებზე, საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე – სოციალური დაცვის საკითხებზე. უფასო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია გადახდისუუნარო დევნილებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის.