Top
ონლაინ დახმარება

 

სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაფართოების შესახებ მსჯელობა გაიმართა

როგორ უნდა განსაზღვრონ სასამართლომ და იურიდიული დახმარების სამსახურმა იმ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა სირთულე და მნიშვნელობა, რომლებთან დაკავშირებითაც მისაღები იქნება გადაწყვეტილება გადახდისუუნარო პირისათვის უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ, - ამ თემაზე დღეს მოსამართლეებმა, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა, იურიდიული დახმარების საბჭოსა და სამსახურის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მხარდაჭერით.

საკითხის განხილვა უკავშირდება სახელმწიფოს ახალ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 15 აპრილიდან, გადახდისუუნარო პირებისათვის იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილი იქნება გარკვეული კატეგორიის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. დღემდე, სახელმწიფო უფასო საადვოკატო მომსახურებას მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე ახორციელებდა.

2014 წლის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეზე, გადახდისუუნარო პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შეეძლებათ როგორც იურიდიული დახმარების სამსახურს, ისე მოსამართლეებს. საკითხის გადაწყვეტისას, გასათვალისწინებელი იქნება არამხოლოდ პირის სოციალური მდგომარეობა, არამედ საქმის სირთულე და მნიშვნელობაც. დღევანდელი შეხვედრა სწორედ საქმის სირთულისა და მნიშვნელობის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრას მიეძღვნა.

საწყის ეტაპზე, გადახდისუუნარო პირებისათვის იურიდიული დახმარების გაწევა დაგეგმილია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის შემდეგ საკითხებზე:

  • საოჯახო დავები (ქორწინება, განაქორწინება, ალიმენტი და სხვა);
  • სამემკვიდრეო დავები;
  • სოციალური დახმარება და პენსია;
  • დევნილთა უფლებები;
  • ჯანმრთელობის დაცვა და პაციენტთა უფლებები;
  • ვეტერანთა და საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახების სოციალური დაცვა;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებები;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური უფლებები.