Top

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება-შენახვაში ბრალდებულს მსუბუქი სასჯელი მიესაჯა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატი, ფატმან არზიკიანი, იცავდა გენადი წ.-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის დამზადებასა და შენახვაში.

გამოძიებით ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების თარიღი დადგენილი არ იყო. ბრალდებულის თქმით, მან დაახლოებით 10 წლის წინ იპოვა დაზიანებული სანადირო თოფი, რომლის ლულა და კონდახი გადაჭრა და დაამზადა ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიებამ დაადგინა, რომ სანადირო თოფი დავით ც.-ს ეკუთვნოდა, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. მისი შვილისშვილის განმარტებით კი, ბაბუამ თოფი 2001 წელს გაყიდა.

იარაღის დამზადებისათვის ბრალდებულს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. გენადი წ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ფატმან არზიკიანმა, შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ მისი დაცვისქვეშმყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო, დანაშაულის  (იარაღის დამზადების) ხანდაზმულობის გამო. ამასთან, იარაღის უკანონო შენახვისთვის ბრალდებული მხოლოდ პირობით სასჯელს იმსახურებდა, რადგანაც წარსულში არ ყოფილა ნასამართლები და რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ბაზაში.

საბოლოოდ, სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია. გენადი წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ იარაღის დამზადებაში, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან. იარაღის უკანონოდ შენახვისათვის კი მიესაჯა 3-წლიანი პირობითი სასჯელი და სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.