Top
ონლაინ დახმარება

 

 

8 მარტი ქალთა უფლებების დაცვის დღეა - რაჟდენ კუპრაშვილის მიმართვა

ძვირფასო ქალბატონებო, 

უპირველეს ყოვლისა, უდიდესი პატივისცემით, ბედნიერებისა და წარმატების სურვილით,  გილოცავთ ქალთა საერთშორისო დღეს - 8 მარტს.  

საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიო მასშტაბით, ეს დღე ქალთა უფლებების დაცვის მთავარი სიმბოლური გამოხატულებაა. ამიტომ ჩემი განსაკუთრებული მილოცვა მიმართულია იმ ქალებისადმი, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწეობენ. მართალია, საქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებაში, მაგრამ  დღევანდელ გამოწვევად მაინც რჩება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.

იურიდიული დახმარების სამსახური უერთდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას, რომლის მთავარი თემაა „გაითავისე თანასწორობა, აშენე ჭკვიანურად, გამოიყენე ინოვაცია ცვლილებებისთვის“. 

სიამაყით აღვნიშნავთ, რომ იურიდიული დახმარების სამსახურში გენდერული ბალანსი სწორედ ქალების სასარგებლოდაა. აქ დასაქმებულთა 55% სწორედ მდედრობითი სქესის წამომადგენელია. დაარსების დღიდან იურიდიული დახმარების საბჭოს ქალები ხელმძღვანელობენ. თორმეტი რეგიონული ბიუროდან ოთხს  ქალი-უფროსი ჰყავს, ხოლო შვიდი საკონსულტაციო ცენტრიდან ოთხს ასევე ქალები უძღვებიან. 

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური ერთ–ერთი აქტიური უწყებაა, რომელსაც ქალთა უფლებების დაცვის  მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს. სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის დასაწყისიდან დღევანდელობამდე იურიდიული დახმარების სამსახურმა  სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში დაიცვა 10 000-მდე ქალის ინტერესი; კონსულტაცია გაუწია 60 000-მდე ქალს; აქედან, ქალთა მიმართ  და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კონსულტაცია გაეწია 500-მდე ქალს; სასამართლოებში დაცულია  600-მდე დაზარალებული ქალის ინტერესი; 

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში განვაგრძობთ საქმიანობას ქალთა უფლებების დასაცავად და შესაბამისად, მხარს ვუჭერთ თანასწორობას საერთო კეთილდღეობისათვის! თანასწორობას ცვლილებებისთვის!

კიდევ ერთხელ გილოცავთ გაზაფხულის ამ ულამაზეს დღეს და და გისურვებთ, ყველა სეზონზე თქვენი ყოველი დღე სიკეთით და სიყვარულით სავსე ყოფილიყოს!

პატივისცემით, 

რაჟდენ კუპრაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი