6 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროში გაიმართა პროფესორ კონსტანტინე კორკელიას საჯარო ლექცია თემაზე: „ადვოკატის როლი სიცოცხლის უფლების ეფექტიან დაცვაში.“
ლექცია სპეციალურად იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩატარდა და მის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სიცოცხლის უფლების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა, მისი პრაქტიკული გამოყენება და ის სამართლებრივი გამოწვევები, რომლებიც დღევანდელ რეალობაში არსებობს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკითხს, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს და რა როლი ენიჭება ადვოკატს სიცოცხლის უფლების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებისას.
ამასთანავე, დეტალურად იქნა განხილული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გავრცელებულ დარღვევებზე.
შეხვედრის ფარგლებში პროფესორმა კორკელიამ ძირითადად ისაუბრა საკუთარ მონოგრაფზე, რომელიც სიცოცხლის უფლების დაცვის სამართლებრივ და ინსტიტუციურ ასპექტებს ეძღვნება. წიგნში განიხილულია სახელმწიფოს ვალდებულებები უბედური შემთხვევების პრევენციისა და სიცოცხლის უფლების დაცის ეფექტიანი უზრუნველყოფის კუთხით.
შეხვედრის დასასრულს პროფესორმა სამსახურს წიგნის ეგზემპლარები გადასცა, რეგიონებში გასავრცელებლად, რათა პროფესიული ცოდნის გაძლიერება ხელმისაწვდომი იყოს ქვეყნის მასშტაბით.