Top

პირის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა

ონლაინ დახმარება

პირის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა

​​​​​​მხარდაჭერის მიმღები არის პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები; ამ დარღვევათა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

​​​​​​პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

პირს მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და მხარდამჭერს უნიშნავს სასამართლო, მხარდასაჭერად საცნობი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული - სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

  • თვითონ მხარდასაჭერად საცნობმა პირმა;
  • მხარდასაჭერად საცნობი პირის ოჯახის წევრმა;
  • მხარდასაჭერად საცნობი პირის კანონიერმა წარმომადგენელმა;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ;
  • ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ, თუ პირი ამ დაწესებულებაშია მოთავსებული;

პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს განცხადებით.

პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვა არ საჭიროებს სახელმწიფო ბაჟის ან სხვა რამე ხარჯის გადახდას.

პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება სასამართლოში, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.

მხარდასაჭერად საცნობ პირს, ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე ენიშნება სასამართლოს განჩინების საფუძველზე ან განმცხადებლის/მხარდასაჭერად საცნობი პირის განცხადების საფუძველზე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურიდან.

  • მხარდასაჭერად საცნობ პირს ექსპერტიზას უტარებს სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სასამართლოს მიმართვის (განჩინების) საფუძველზე.
  • ექსპერტიზა ტარდება თვითონ ექსპერტიზის ბიუროში, განმცხადებლის/მხარდასაჭერად საცნობი პირის შუამდგომლობის საფუძველზე; თუ შეუძლებელი იქნება პირის ექსპერტიზის ბიუროში მიყვანა, სასამართლომ ექსპერტიზის ჩატარების ადგილად შეიძლება განსაზღვროს მხარდასაჭერად საცნობი პირის ადგილსამყოფელი.
  • აღნიშნული ექსპერტიზა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ განმცხადებელი/მხარდასაჭერად საცნობი პირი გათავისუფლებულია ექსპერტიზის ხარჯებისგან.

აღნიშნული ვადა კანონით არ არის განსაზღვრული, თუმცა ნებისმიერი ვადით დანიშვნის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დგინდება მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

მხარდაჭერა შეიძლება შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ:

  • მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა (ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო);
  • მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს (ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო).

​​​​​​მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხარდასაჭერად საცნობი პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

მხარდამჭერი შეიძლება იყოს:

  • პირი, რომელსაც 18 წლის ასაკისათვის არ მიუღწევია;
  • პირი, რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო;
  • პირი, რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო;
  • პირი, რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან გათავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.

(შენიშვნა: მხარდაჭერის დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის აღება შესაძლებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში).

მხარდამჭერი ვალდებულია:

  • თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას;
  • დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია;
  • დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

მხარდამჭერის საქმიანობას აკონტროლებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

სასამართლო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საქმისწარმოების დასრულებამდე ანუ ვიდრე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, დანიშნოს დროებითი მხარდამჭერი, თუ მიიჩნევს, რომ იმ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, შესაძლებელია შეუქცევადი ზიანი მიადგეს, მაგალითად: შეუწყდეს პენსია/სოციალური პაკეტი, ვერ ისარგებლოს სათანადო მკურნალობით/ საჭირო მედიკამენტებით და ა.შ.

დროებითი მხარდამჭერი შეიძლება იყოს იგივე პირი, ვინც ძირითად მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს: მხარდასაჭერად საცნობი პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი.