2026 წლის 21 აპრილს, გაეროს სახლში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე:„იურიდიული დახმარების სამსახურის როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიან სამართლებრივ მხარდაჭერაში“.

შეხვედრა გახსნეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა ლევან ასათიანმა და ინფორმაციის, ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ნოზაძემ. მათ ყურადღება გაამახვილეს ინკლუზიური მართლმსაჯულების მნიშვნელობასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართლებრივი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საჭიროებაზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელიც წარადგინა შშმ პირთა უფლებების ადვოკატმა ნანა გოჩიაშვილმა. პრეზენტაციისას განხილულ იქნა პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც მიზნად ისახავს შშმ პირთათვის სამართლებრივი დახმარების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას, აგრეთვე არსებული გამოწვევები და შესაბამისი რეკომენდაციები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრის მონაწილეები, მათ შორის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, შშმ თემის წარმომადგენლები და შშმ პირთა უფლებადამცველები. აქტიური ჩართულობის შედეგად დეტალურად იქნა განხილული არსებული გამოწვევები, საჭიროებები და სამომავლო ნაბიჯები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სერვისების ადაპტაციასა და შშმ პირთა რეალურ საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე.

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა UNDP Georgia და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით