ცხელი ხაზი: 292 00 55
28 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითში ჩავიდა. ზემო ხვითი ოკუპირებულ ზონასთან ახლოს მდებარე სოფელია. რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სამსახურის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
ამავე დღეს, სოფელ ხვითს ესტუმრა საქართველოში ვიზიტად მყოფი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული დირექტორი, ივანა ჟივკოვიჩი. იგი გაეცნო იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობას, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს იურიდიულ კონსულტაციებსა და სხვა სახის მხარდაჭერას სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ მობილური იურიდიული დახმარების სამსახური გერმანიის მთავრობისა და UNDP-ის ხელშეწყობით შეიქმნა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათასობით ადამიანს ემსახურება.
იურიდიული დასხმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ მიხეილ ხურციძემ და გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გიორგი ჯეირანაშვილმა ზემო ხვითის მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ.
მობილურ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციას უწევდა გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი.