Top
ონლაინ დახმარება

 

თბილისის ბიუროს ადვოკატებმა სისხლის სამართლის ორი საქმე მოიგეს

თბილისის ბიუროს ადვოკატებმა ორი საქმე მოიგეს

2017 წლის 8 ნოემბერს ადვოკატთა პროფესიულ დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების დამსახურებით, სასამართლომ ორ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა:

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი, მილერინა მემანიშვილი, რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდა მენტალური პრობლემების მქონე დ.ბ.–ს ინტერესებს.მას ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ–ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით). ადვოკატმა მილერინა მემანიშვილმა შეძლო მოსამართლის დარწმუნება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა დ.ბ.–ს მიერ თავისი დედისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.  შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ  რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ ,დ.ბ. უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლა.

ამავე დღეს, ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა  ბრალდებული გ.ხ., რომლის ინტერესებსაც  სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი, თამარ ხაჩირაშვილი იცავდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ხ.–ს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სსკ–ის 238–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ცივი იარაღის ტარება), რაც ისჯებოდა ჯარიმით ან თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთით. გ.ხ. 2013 წლიდან ძებნაში იმყოფებოდა. მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი  2017 წლის 12 ივლისს გადმოკვეთა და საზღვარზევე დააკავეს. ადვოკატმა თამარ ხაჩირაშვილმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება.   მოსამართლემ გაიზიარა ადვოკატის არგუმენტირებული პოზიცია, და გ.ხ., რომელმაც  საპატიმროში 4 თვე გაატარა, უდანაშაულოდ ცნო.