იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო საადვოკატო მომსახურებით
სარგებლობა შეუძლია იმ ბრალდებულს და მსჯავრდებულს, რომელიც ”სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ოჯახის წევრია
და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს: 1) 70 ათასს ან ნაკლებს; 2) 100 ათასს
და ნაკლებს, და ამავე დროს მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლითაგან ერთ-ერთ
კატეგორიას:
-
იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
-
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
-
18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
-
მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი;
-
მკვეთრად, მნიშვნელოვანად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა
მიმდინარეობს ბავშვობიდან;
-
18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვი;
-
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.
საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებით სარგებლობს ყველა ბრალდებული და
მსჯავრდებული, რომელიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად,
სავალდებულო დაცვას ექვემდებარება.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, საზოგადოებრივი ადვოკატი შეიძლება
დაენიშნოს იმ პირსაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა
ბაზაში, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე
თვითონ ვერ გაწევს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.