დღეს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს ადვოკატებმა და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეებმა იურიდიული დახმარების სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს. ღონისძიება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით ჩატარდა.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სამართლებრივი დახმარების სახეები გააცნო. თავიანთი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ორგანიზაცია “სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისთვის”, შშმ პირთა კავშირი “ლამპარის”, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის, კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის წარმომადგენლებმა.
დღევანდელი შეხედრით იწყება იმ მემორანდუმის აღსრულება, რომელიც, რამდენიმე ხნის წინ, თბილისში, იურიდიული დახმარების სამსახურმა და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააფორმეს. ხელმომწერმა მხარეებმა თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს შორის კოორდინაციის ვალდებულება იტვირთეს, რათა მოსახლეობას კვალიფიციური და დროული იურიდიული დახმარებით სარგებლობის საშუალება მიეცეს. შეთანხმების მიხედვით, ურთიერთშემავსებელი სერვისების მქონე ორგანიზაციები ბენეფიციარებს ერთმანეთთან გადაამისამართებენ, თუკი სათანადო დახმარების აღმოჩენის საშუალება თავად არ ექნებათ.
საქართველოში უფასო იურიდიული დახმარებაზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა ძნელად მოიძებნება ორგანიზაცია, რომელიც უფასო ადვოკატირებას სამართლის ყველა დარგში განახორციელებს. მაგალითად, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარების სამსახური სასამართლო წარმომადგენლობას მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე უზრუნველყოფს, დანარჩენ შემთხვევებში კი კონსულტირებით შემოიფარგლება. არასამთავრობო ორგანიზაციები კი, თავიანთი მიზნებიდან გამომდინარე, ადვოკატირებას სპეციფიკური მიმართულებით გასწევენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებმა, ერთობლივი ძალისხმევით, ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სრული პაკეტი შესთავაზონ.
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ამგვარი ღონისძიებების ორგანიზებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც აპირებს. შეხვედრები ტარდება იურიდიული დახმარების სფეროს რეფორმის მონიტორინგის ფარგლებში, რომელსაც CiDA აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
|